ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს იმ მოსწავლეს, რომელსაც 35-ე სკოლის 2 მოსწავლის დაჭრა ედება ბრალად. “ახალი თაობა” ირმა ჭკადუას ესაუბრა.
– ქალბატონო ირმა, თქვენ იცავთ იმ მოსწავლეს, რომელსაც 35-ე სკოლის 2 მოსწავლის დაჭრა ედება ბრალად. საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია თქვენმა განცხადებამ, როდესაც აღნიშნეთ, რომ თქვენი კლიენტი წარმატებული მოსწავლეა და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.
– ჩემი პასუხი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მე არ მითქვამს, რომ სკოლაში წარმატებული ბავშვი იყო და მხოლოდ ამიტომ უნდა შეფარდებოდა გირაო. მე ვთქვი, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ინციდენტი სხვა ინციდენტებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ აქ არ დადგა მძიმე შედეგი და, დიდება უფალს, ბავშვებს არ დასჭირდათ ქირურგიული ჩარევა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თვითონ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, თვითონ მიუთითა დანაშაულის იარაღზე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია დანაშაული, რომელიც ჩაიდინა.
აქედან გამომდინარე, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ სასამართლოს არ გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება. ბევრი ტალახი მესროლეს და პრაქტიკულად კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს იმის გამო, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი გაშუქდა ჩემი განცხადება. მე ვსაუბრობდი კომბინაციაში და არ მითქვამს, რომ მხოლოდ იმიტომ უნდა შეფარდებოდა გირაო, რომ ის კარგი მოსწავლეა.
– რატომ შეეცვალა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი? რატომ დაუმძიმდა?
– მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი პრევენციის კუთხით, სამაგალითოდ დასჯისკენ, რათა სხვამ არავინ გაბედოს მსგავსი ქმედება. სხვა ლოგიკა ამაში არ არის, ვინაიდან გამოძიება დაწყებული იყო 117-ე მუხლით, რაც ნიშნავს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, თუმცა მძიმესთან მიმართებაში ვერც მე, ვერც სასამართლო და ვერც ბრალდების მხარე ვერ იმსჯელებდა და ჯერ კიდევ ვერ იმსჯელებს, რადგან არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით.
მე დღესაც მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და არგუმენტების გარეშე. როდესაც ბავშვს გაუჩნდება არასამართლიანობის განცდა, მერწმუნეთ, რომ ეს ბუმერანგივით შემოგვიბრუნდება! როდესაც ბავშვმა გაიაზრა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული არა იმ ხარისხის, რომელსაც მას სახელმწიფო ედავება, ეს ბავშვი უფრო გაბოროტებული გამოვა ციხიდან!
– გაასაჩივრეთ გადაწყევტილება?
– დიახ, ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ჯერ პასუხი არ გვაქვს, მაგრამ არ ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, შეცვლის გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მხრიდან ეს არის უსუსური მცდელობა ამ სამაგალითო მოქმედებების. მთავარი არის რესოციალიზაცია ზოგადად ბრალდებულების და თუნდაც მსჯავრდებულების. მათ უნდა გაიაზრონ, რა მოხდა, აღიარონ, მოინანიონ და არ არის აუციებელი, ამისთვის ადამიანები გამოკეტონ ციხეში.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

