ლიზა ბაგრატიონი – ”საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია” – „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა საგამოძიებო სამსახური დატოვა

ლიზა ბაგრატიონი - ”საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია” - „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა საგამოძიებო სამსახური დატოვაკომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლიზა ბაგრატიონი გამოძიების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

მისი განცხადებით, კითხვები, ძირითადად, ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა და საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

– მე, ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ იმ საქმეს, რაზეც მიდის გამოძიება. საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემი რწმენით, ეს უნდა ხდებოდეს სამოქალაქო სასამართლოში. მე, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გავეცი პასუხი იმის ფარგლებში, რაც ვიცოდი. ძალიან ბევრ კითხვაზე იყო პასუხი, რომ მე ეს არ ვიცი და არ მეხება. ალბათ მათი მოვალეობაა, რომ ყველასთან გაიარონ ეს თემები. მე ვარ დარწმუნებული ჩვენს სიმართლეში. ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს დავა გადავა სამოქალაქო სასამართლოში, – განაცხადა კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა.

7 თებერვალს, კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.

კომპანია “ბადაგონის” 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა.
სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, “გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედი” კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.

იმედინიუსი