ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვსღორის სპერმის დარჩენილი 500 ლარიანი დავალიანების საკითხი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.

კითხვა, რომელიც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ ბიუროს სხდომაზე დასვა, უკვე ლიკვიდირებული სამსახურისთვის გადასაცემ 500 ლარს ეხებოდა:

-ეს ფერმერთა გაერთიანება, რომლის ლიკვიდაციაც წინა მოწვევის საკრებულომ განახორციელა, რაში იღებს ამ სუბსიდიას?

პასუხი კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გასცა, რომ ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანება იყო.

საბოლოოდ, ოზურგეთის ყოფილი გამგეობის მიერ ღორის სპერმის მოხმარების შემდეგ გადაუხდელი 500 ლარის მოქმედი მერიისათვის დაკისრების საკითხს ოზურგეთის საკრებულო მომავალ სხდომაზე განიხილავს.

აღნიშნული დავალიანება ოზურგეთის გამგეობამ ფერმერული მეურნეობის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში აიღო.

საკრებულოს სხდომა ამ დღეებში გაიმართება.

რაც შეეხება დავით მჟავანაძეს, ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის ფული, რომლითაც მოსახლეობა იხდის ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებს ახლა ღორის სპერმის დავალიანების გადასახდელადაც გაიხარჯება:

“როდესაც ბიუროზე ეს საკითხი გამოიტანეს, ვიკითხე, რომ ლიკვიდირებულ სამსახურს რაში უნდა გადავუხადოთ 500 ლარი? გია მამაკაიშვილს (საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი) როგორც ჩანს მოერიდა პასუხის გაცემა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ მითხრა-მე გეტყვი ეს არის ღორის სპერმის დავალიანებაო. ჩვენს მოსახლეობას, რომლის უმრავლესობა უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებშია და რომელიც ბიუჯეტიდან ფულს უხდის ხელისუფლებას ფუფუნებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის და პრემიებისთვის, ახლა იმის ვალდებულებაც დაეკისრა, რომ ღორის სპერმის ფული იხადოს”- აცხადებს მჟავანაძე.