სალომე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში და 6 წლის ბიჭი ჰყავს. მეორე წელია, ერთ მამაკაცთან აქვს ურთიერთობა, ისიც ცოლს გაშორებულია, თუმცა, შვილი არ ჰყავს. სალომე იმაზე ნერვიულობს, რომ არ უნდა, ხალხმა შოთიკოს საყვარლად ჩათვალოს. სწყინს, რომ საყვარელი მამაკაცი დაოჯახებაზე ჯერ არაფერს ეუბნება. მას სწორი რჩევა სჭირდება, შეყვარებულს რომ თავისი გულისტკივილი აუხსნას.
სალომე, 27 წლის:
“27 წლის ვარ და დამოუკიდებლად შემიძლია ჩემი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რასაც მხოლოდ ჩემი ჭკუით ვერ ვწყვეტ. მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცე მსგავს სიტუაციაში, ან როგორ იქცევიან სხვა ქალები.
20 წლის გავთხოვდი. ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი, მაგრამ მალევე დავშორდით. ჩემი ქმარი ნარკომანი აღმოჩნდა, რაც მხოლოდ ცოლად გაყოლის შემდეგ გავიგე. ჭირის დღესავით მძულს ნარკომანები, რადგან მათ ყველაზე სუსტ ადამიანებად მივიჩნევ. ჩემს ქმარს კი ასეთს ვერ ავიტანდი, თუნდაც დიდი სიყვარულის გამო. როცა ეს ამბავი შევიტყვე, უკვე 5 თვის ორსული ვიყავი. ძალიან ვინერვიულე, ბევრი ვიტირე და ჩემს თავზე მომდიოდა ბრაზი, სიმართლე ასე გვიან რომ გავიგე. არ გეგონოთ, ქმარი მაშინვე მივატოვე. ავუხსენი, რომ ძალიან მიყვარდა და მისი დატოვება არ მინდოდა. პირობა დავადებინე, რომ ამ საშინელ სენს შეეშვებოდა. ამასთანავე, კარგად ვიცოდი, რომ ამის გაკეთება გაუჭირდებოდა. თითქმის 3 წელი გავძელი ასე. პატარაც შეგვეძინა. ძალიან საყვარელი ბიჭი გვყავს. მეგონა, ბავშვი მაინც დაასერიოზულებდა. ვემუდარებოდი, ვთხოვდი, ნარკომანობისთვის თავი დაენებებინა. ექიმთანაც წავიყვანე, მაგრამ ვერ შეძლო. საბოლოოდ, მაინც დაშორება ვარჩიეთ. ძალიან განვიცადე, რადგან ჩემი მეუღლე მიყვარდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, სიყვარულის გამო ამ ნაკლზე თვალს ვერ დავხუჭავდი. რომ დამენახა, გამოსწორებას ცდილობდა, არ მივატოვებდი, მაგრამ ის უარესად იქცეოდა. წელიწად-ნახევრის მერე სხვა ცოლი მოიყვანა. როგორც ჩანს, იმან ისეთი მიიღო, როგორიც არის. ცოტა კი მეწყინა, ასე უცებ რომ შექმნა მეორე ოჯახი. მეგონა, გამოსწორებას ეცდებოდა და ისევ დავუბრუნდებოდი, მან კი უცებ მომინელა.
შემდეგ მეც გავიცანი ერთი ბიჭი, რომელსაც შევუყვარდი, მეც მიყვარს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ისიც ჩემსავით ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში, მაგრამ შვილი არ ჰყავს. ამბობს, რომ 3 წელია, რაც მეუღლეს დაშორდა, თუმცა, მიზეზებზე არასდროს საუბრობს. საერთოდ, ძალიან წყნარი და სერიოზული ბიჭია, თავის ცხოვრებაზე ნაკლებად ლაპარაკობს. ალბათ, ხვდებით, რომ მე მასთან ფიზიკური სიახლოვეც მაქვს. ეს თავისთავად მოხდა. შოთიკო მეუბნება, რომ ეს სიყვარულით ხდება და რადგან ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვე გვაქვს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემგან მარტო ეგ უნდა. თავიდან არ მინანია, ასეთი ნაბიჯი რომ გადავდგი, ამ ბოლო დროს კი ეჭვი მღრღნის. რატომღაც მეშინია, რომ შოთიკო ჩემთან მხოლოდ ლტოლვის გამოა. კი ვუყვარვარ, მანებივრებს, ყურადღებასაც არ მაკლებს, მაგრამ ჩემ ცოლად შერთვაზე არაფერს ამბობს. მე კი არ მინდა სახელი გამიფუჭდეს. სწორად გამიგეთ, მაგრამ ხალხი ალაპარაკდება, შოთიკოს ცოლად რომ არ გავყვე. ისედაც, როგორც განათხოვარს, სულ ალმაცერად მიყურებენ. თანაც, ჩემ უკან ჩემი 6 წლის ბიჭი და ოჯახი დგას. არ მინდა, რომ მათი სახელი შევარცხვინო.
ამას წინათ, ვითომ სხვათა შორის, შოთიკოს ვკითხე, სამომავლოდ ჩემთან დაკავშირებით რას ფიქრობდა. თან ცოტა მეშინოდა, რომ ამ სიტყვებით არ დამეფრთხო. დიდად ეს სიტყვები არ ესიამოვნა და ცოტა მკაცრად მითხრა, რომ ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა მე ჩავთვლი საჭიროდო. ერთხელ ისიც მითხრა, რომ პირველი ქორწინების შემთხვევაში ძალიან შეცდა და ისეთ გოგოს დაუკავშირა ცხოვრება, რომელსაც ბოლომდე არ იცნობდა. ხელმეორედ დიდი დაფიქრება მჭირდებაო. რა თქმა უნდა, მეც ამ აზრზე ვარ, მაგრამ უკვე მეორე წელია, ერთად ვართ და ეს უკვე საკმაო დროა. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე შოთიკოს საყვარლად ვითვლები, რის გამოც ძალიან მრცხვენია.
ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. მათი აზრით, ჩვენ შორის არაფერი ხდება. დედამ ერთხელ გამაფრთხილა, მამაშენი ნერვიულობს, იმ ბიჭის საყვარელი რომ არ გახდე. კარგად დაფიქრდი, თუ მართლა გიყვართ ერთმანეთი, ჯობია მას ცოლად გაჰყვე და ხალხი არ აალაპარაკოო. მე კი მშობლებს არ დავუჯერე. ახლა თქვენი რჩევა ძალიან მჭირდება. მირჩიეთ, როგორ დაველაპარაკო შოთიკოს ისე, რომ მართლა არ დავაფრთხო და არ ეგონოს, რომ ჩემი თვითმიზანი გათხოვებაა. მინდა ავუხსნა, რომ ამას ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ, სახელი რომ არ გამიფუჭდეს. თანაც ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და მზად ვარ, მთელი ცხოვრება მასთან გავატარო.”