სოსო ბარათაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ – “ფონდ „იავნანას“ და პაატა ბურჭულაძის მიმართ აღვირახსნილი, ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება”

სოსო ბარათაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ - "ფონდ „იავნანას“ და პაატა ბურჭულაძის მიმართ აღვირახსნილი, ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება"ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ არის მცდელობა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავანანას“ წინააღმდეგ ჩამოყალიბდეს ნეგატიური აზრი, რა მიზნითაც გამოძიების მასალები ე.წ. შავი პიარის გამავრცელებლებს მიეწოდებათ.
საქმე ეხება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ბოლო დროს მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ დიდუბეში, სააკაშვილის მთავრობისგან საქველმოქმედო მიზნებისთვის 1000 დოლარად გადაცემული 4000 კვ.მ. შენობა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ საქმეს მოახმარა. „მასალებში ღრმად ჩახედვამ მოულოდნელი და ღრმა ღალატის სუნი დაგვანახა“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, უნდა გაირკვეს, რას ემსახურება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის განცხადებები, როგორ მიუწვდება მას და ზოგიერთ სხვა პირს ხელი ამ მასალებზე და ვინ დგას ყოველივე ამის უკან.
– იძულებული ვარ განმარტება გავაკეთო იმ აღვირახსნილ, მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ „იავნანასა“ და უშუალოდ ბატონი პაატა ბურჭულაძის მიმართ. ქვეყნდება წერილები, კეთდება ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს და უკიდურესი სიძულვილით არის გაჟღენთილი.

ამგვარი პუბლიკაციის ავტორებს არ მიუმართავთ ფონდ ,,იავნანას“ ხელმძღვანელებისათვის მათთვის საინტერესო რომელიმე საკითხის გასარკვევად. აქედან გამომდინარე, შეკითხვა, რომელიც ამ პუბლიკაციებიდან ჩნდება არის ის, თუ საიდან იღებს ეს ხალხი ამ ინფორმაციას. მაგალითად, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე წერს, რომ ის „საქმის მასალებში ღრმად ჩახედვამ“ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ფონდ „იავნანაში“ არის დარღვევები. მინდა, ვიკითხო, ვინ ჩაახედა ის „ღრმად“ ამ მასალებში? შემთხვევით პროკურორებმა და გამომძიებლებმა ხომ არა?! ის ურთიერთშეთანხმებული ქმედება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში შეინიშნება საგამოძიებო ორგანოსა და ცილისმწამებლური პუბლიკაციების ავტორთა შორის, გვიქმნის შთაბეჭდილებას გამოძიების არაობიექტურობის თაობაზე, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ 2004-2017 წლებში ფონდ „იავნანაში“ მოქალაქეთა მიერ ყულაბებიდან და სატელეფონო ზარებიდან განხორციელებულმა შემოწირულობებმა შეადგინა 3.082.026 ლარი, ხოლო იმავე პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის და სტუდენტებისათვის დახმარების მიზნით დაიხარჯა 5.966.961 ლარი.  აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პუბლიკაციის ავტორების მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხა მოხმარდა ფონდის თანამშრომელთა პირად კეთილდღეობას.

მისივე განცხადებით, ასევე უსაფუძვლოა მოსაზრება დიდუბეში მდებარე უძრავი ქონების შესყიდვის მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვინაიდან ფონდის საკუთრებაში არსებული აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება დღეისათვის, 2012 წელთან შედარებით, რამდენიმე ასეული ათასი ლარით არის გაზრდილი და იგი ადრეც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ფონდის მიზნებისათვის.
ადვოკატი უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს პროკურატურას, თუ რატომ და რა გზით მიუწვდებათ საგამოძიებო მასალებზე ხელი ამ ადამიანებს, რომლებსაც კანონით არ უნდა მიუწვდებოდეთ.
– უპირველეს ყოვლისა, გვაქვს კითხვა და უნდა მივიღოთ პასუხი, თუ როგორ ხვდება ინფორმაციები, ისიც დამახინჯებული სახით, იმ პირების ხელში, რომლებიც შემდეგ ამას ცილისმწამებლური ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ დასაბუთებულ პასუხს, ვიტოვებთ უფლებას, უნდობლობა გამოვუცხადოთ გამოძიებას, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.
ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით გამოძიება გასულ წლის ბოლოს დაიწყო.