ტაქსის მძღოლი მგზავრის უნებართვოდ გადაყვანისთვის 200 ლარით დაჯარიმდება

ტაქსის მძღოლი მგზავრის უნებართვოდ გადაყვანისთვის 200 ლარით დაჯარიმდებაშესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით, ტაქსით მგზავრის გადაყვანა გამოიწვევს ჯარიმას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

12 თებერვალს კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. 

24 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.