დავით მოდებაძე – ”ბრალდების მტკიცებულებებიდან ზურაბ იდოიძეს არაფერი ეხება”

დავით მოდებაძე - ”ბრალდების მტკიცებულებებიდან ზურაბ იდოიძეს არაფერი ეხება”ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის განცხადებით, მან სასამართლოს მიმართ იდოიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა იშუამდგომლა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

როგორც მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა და მისი შუამდგომლობა სწორედ ამით იყო განპირობებული.

– ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაახლოებით 30 ტომი მტკიცებულებები, თუმცა იქიდან ზურაბ იდოიძეს არაფერი ეხება. მე ვიშუამდგომლე, მის მიმართ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რათა ზედმეტად არ დახარჯულიყო სახელმწიფო რესურსი. ამის მიუხედავად, მოსამართლემ საქმე არსებით განხილვაზე მაინც გადასცა სასამართლოს, – განაცხადა დავით მოდებაძემ.

სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.