– არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს, რომლებსაც ჩვენი ბრიგადები ხსნიან, მოსახლეობა ისევ უკან ამონტაჟებს, – ამის შესახებ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ 2017-18 წლებში უპრეცედენტო აქტივობა ჩაატარა და დაახლოებით 350 ათასი აბონენტი გადაამოწმა.
– 66 ათასამდე არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყო გამოვავლინეთ და კანონმდებლობის შასაბამისად ჩავხსენით, თუმცა, მათი 90% მოსახლეობამ ისევ უკან მიაერთა. ჩვენი ბრიგადები მიდიან ოჯახებში, აფრთხილებენ, რომ ეს საშიშია მათი ჯანმრთელობისთვის, ხშირად საფრთხე მეზობლებსაც ამუქრებათ, მაგრამ ჩვენი წამოსვლის შემდეგ, მაინც აერთებენ,-აღნიშნა თამაზაშვილმა.
“ყაზტრანსგაზ თბილისი” აგრძელებს სოციალურ კამპანიას – მეტი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობას საგაზაფხულო სეზონზეც სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ცხელი ხაზის საშუალებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სპეციალური ბრიგადა გამოიძახოს და გაზის მოწყობილობები შეამოწმებინოს.
“ზამთრის სეზონის გასვლა, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, სტატისტიკა ძალიან სავალალოა. 2015 წელს გაზისგან მოწამვლით 26 ადამიანი გარდაიცვალა, 2016 წელს-29, 2017-ში კი 30. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინონ“-განაცხადა თამაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომპანია 800 ათასამდე მოძველებული და დაზიანებული ე.წ. გაზის ჩამკეტის რეაბილიტაციას და შეცვლას გეგმავს, რადგან სადარბაზოებში გაზის სუნი, მოსახლეობის მხრიდან ხშირად არის შეშფოთების მიზეზი.
თამუნა დემეტრაშვილი

