მამუკა ცინარიძე – “ერეკლე კოდუამ ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს 500-500 დოლარი მისცა”

მამუკა ცინარიძე - "ერეკლე კოდუამ ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს 500-500 დოლარი მისცა"ვალერი გელაშვილის საქმის მოწმე მამუკა ცინარიძის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა. მასზე შუამდგომლობა პროკურორებმა დააყენეს და მოსამართლე შორენა გუნცაძემ ის დააკმაყოფილა.

მამუკა ცინარიძემ საქართველო 2016 წელს დატოვა და მასთან ვერც ოჯახის წევრები და ვერც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ. დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი და ამიტომ ამოწურულია სასამართლოს წინაშე წარდგენის ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობას მოსამართლე დაეთანხმა.

ჩვენება, რომელშიც მამუკა ცინარიძე ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტს აღწერს, მან გამოძიებას 2014 წელს მისცა. ის ამბობს, რომ მოდულის შენობაში დაიბარეს, შემდგომ აცნობეს, რომ ოპერაციის ობიექტი იყო კაცი, რომელიც ქალაქში დაცვასთან ერთად ჯავშნიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ცინარიძის ჩვენების მიხედვით, სპეცრაზმელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.

მოწმის ჩვენების მიხედვით, გარკვეული პერიოდი სპეცრაზმელები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და მითითებებისამებრ იქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც გელაშვილის დაცვასა და ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს, კვლავ მოდულის შენობაში დაიბარეს. მათ ოთახში რამდენიმე ადამიანი დახვდათ, მათ შორის ერეკლე კოდუა.

მოწმის თქმით, მაგიდაზე უცხოური ვალუტა იდო და თითოეულ სპეცრაზმელს 500 ამერიკული დოლარი გადასცეს ჯილდოს სახით, ასევე, ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ერეკლე კოდუამ მათ მადლობაც გადაუხადა.

მოწმე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა. ცინარიძის თქმით, სპეცრაზმელებს მხოლოდ ნიღბები ეკეთათ და მათი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრობის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი 2014 წელს წაუყენეს. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმედინიუსი