”მერაბ კვირიკაშვილზე შურისძიებას არ ვაპირებ” – სასამართლოზე ავტოავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი, დაკითხეს

”მერაბ კვირიკაშვილზე შურისძიებას არ ვაპირებ” - სასამართლოზე ავტოავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი, დაკითხესქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ავტოავარიის შედეგად დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი დაკითხეს.

მისი თქმით, ის არ აპირებს შურისძიებას და მისთვის მთავარია სიმართლის დადგენა. მას ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა.
– ჩემი სურვილია, რომ ჩემს შვილიშვილს, რომელიც ობოლია, გავცე პასუხი, თუ რატომ არ ჰყავს მას მშობლები. ამნაირი ტრაგედია ყველას შეიძლება მოუვიდეს და გამიჩნდა მის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე, – განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს.
– მთავარი არაა, ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის გამოც დაიღუპნენ ადამიანები. მე არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე, – განაცხადა პაპასკირმა.
საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

პროცესს ბრალდებული კვირიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმის არსებითი განხილვა მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ 5 აპრილს 16:00 საათზე ჩანიშნა.

სასამართლო, ხათუნა მაისურაძის ფოტო, იმედინიუსი