შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს? – ამ საკითხთან დაკავშირებით გადაემა ,,პოლიტმეტრში“ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არასწორი იყო პოლიტიკოსების მხრიდან პოზიციების დაფისირება მაშინ როცა დეკანოზი იზოლირებული იყო, ხოლო მის ადვოკატებს საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრების აკრძალვა ჰქონდათ.პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხის წარმოდგენის შემთხვევაში გაეცნობა და პატრიარქის პოზიციასაც გაიზიარებს.
– ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ემოცია დაგროვდა. მე მის უწმინდესობას ვესაუბრე და ჩემი პოზიცის გავუზიარე სინოდის წევრებსაც, რომ კარგი იქნება თუ ტემპერატურას დავწევთ და მაშინვე დავაფიქსირე, რომ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო აქვს დადებული და არაერთი საშუალო, უმაღლესი თუ ზემდეგი პოლიტიკოსი აფიქსირებდა პოზიციას, მაშინ როცა მამალაძე იყო იზოლირებული და ვერაფერს ამბობდა და მის ადვოკატებსაც ჰქონდათ აკრძალვა. როცა სახალხო დამცველი აფიქსირებდა თავის პოზიციას და მეც ვაფიქსირებდი, რომ ან პოლიტკოსებმა დაასრულონ საუბრები და ან საქმეს გრიფი უნდა მოეხსნას. პოლიტიკურ პროცესთან, რაც ხდებოდა მე კითხვები არ გამჩენია და ვთქვი, რომ იყო თანაბარი პირობების დარღვევა მამალაძისთვის. ამის იქით მე საქმის დეტალებს არ გავცნობივარ.
ბუნებრივია, როცა ამ საკითხს წარმოადგენენ, გავეცნობი, კომისიის წევრებს გავაცნობ, მაგრამ მე ძალიან ვუფრთხილდები შეწყალების კომისიას, ღირსეული ადამიანები არიან და ძალიან კარგად შევძელით არაერთი პროვოკაციის აცილება. დღეს შეწყალების უფლება პოლიტიკის მიღმაა და არის წყალობის უფლება და არ უნდა ჩართო ამ პოლიტიკურ ორომტრიალში. შევეცდები, ეს პროცესისც ახლა იყო განხილული არა იმის მიხედვით ვინ რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, არამედ უმაღლესი სულიერი თუ მორალური სტანდარტებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ცოდვილები მოვახერხებთ. პატრიარქის შეხედულების მიმართ დიდი ყურადღებით ვარ განწყობილი და ახლაც სიამოვნებით მოვუსმენ, – განაცხადა პრეზიდენტმა.

