2016 წლის 6 ნოემბერს, ვარკეთილის ხიდებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის როინ ტურაშვილის ოჯახი სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ტურაშვილის ახლობლები მძღოლის დასჯას მოითხოვენ.
მათი ინფორმაციით, ბრალდებულს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
გარდაცვლილის დედა, მზია სარქისაშვილი ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე მძღოლის, 19 წლის შოთა ჯიქიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უსამართლობაა.
– მთვრალი ჯიქია ვარკეთილის ხიდებთან ტროტუარზე ფეხით მოსიარულე როინს დაეჯახა. ჩემმა შვილმა იქვე დაასრულა სიცოცხლე. მძღოლი შოთა ჯიქია დაკავებული არ არის, მკვლელი 2 დღეში გირაოთი გამოუშვეს. სასამართლოები 4 თვეა ჭიანურდება, უკვე მესამე ადვოკატი გამოცვალეს. საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ, გავა კიდევ 2 წელი და მკვლელს გარეთ დატოვებენ. მინდა როგორ წესია ისე, 7 წელი მიესაჯოს, რადგან ის მკვლელია. ჩემი შვილი პირველი კურსის სტუდენტი იყო,- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
როინ ტურაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ბრალდებულს მართვის უფლება არ შეჩერებია.
კითხვაზე ექსპერტიზით დადასტურდა თუ არა მძღოლის სიმთვრალე, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს რომ ამ კითხვაზე შეგნებულად არ პასუხობს.
ნიუპოსტი

