საქართველოში 15.000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათ

საქართველოში 15.000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათსაქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარა.

“იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა, სულ მცირე, ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის”, – ნათქვამია კვლევაში. საუბარია ძალადობის ფორმებზეც:

“მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი, ან წიხლი. იმ დროს ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი შვიდი ქალიდან 1 ძალადობის მსხვერპლია.

კვლევის შედეგების თანახმად, 2009 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემები. გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ქალის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.