შსს-მ ლაშა კაციას ცემაზე მოკვლევა დაიწყო

შსს-მ ლაშა კაციას ცემაზე მოკვლევა დაიწყოსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მოქალაქე ლაშა კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ლაშა კაცია უკვე გამოიკითხა მისსავე საცხოვრებელ სახლში.

“მოქალაქე ლაშა კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. კაციას პირველადი გამოკითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკვლევის ფარგლებში ის ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. პარალელურად მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

ცნობისთვის, დიჯეი ლაშა კაცია პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს და მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველებს ვინაობის დასახლება სთხოვა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც კაციამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სამართალდამცველები მას ნარკოტიკისჩადებითაც ემუქრებოდნენ.