შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში აიყვანეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს,”- წერია შსს-ს ინფორმაციაში.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

