„ უამრავი ადამიანის წამებაში მხილებული ნარჩემაშვილი კანონმდებლად გვევლინება”

„ უამრავი ადამიანის წამებაში მხილებული ნარჩემაშვილი კანონმდებლად გვევლინება"“გურიის მოამბის” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, ოზურგეთის პოლიციის მთთავარ სამმართველოში მომხდარ ცემის ფაქტზე, “ენმ”-ის ადგილობრივი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე ეხმაურება.
35 წლის მამაკაცის ცემის ფაქტს დეპუტატი თავად სახელისუფლებო გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად ინსტიტუციების ნგრევას მიაწერს და სამართალდამცველებს მოძალადეებად მოიხსენიებს:

– სრული სვლით უკან წარსულში!!!! პოლიციის მიერ დაკავებული პირის პოლიციისავე შენობაში ცემით უგონო მდგომარეობამდე მიყვანა არის ოლიგარქი ივანიშვილის დანაშაულებრივი მმართველობის შედეგი .
თუმცა, რა გასაკვირია, მსგავსი ფაქტები რაიონულ სამმართველოებში ხდებოდეს მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანის წამებაში მხილებული, შევარდნაძის დროის დამსახურებული ჯალათი, ნარჩემაშვილი კანონმდებლად გვევლინება და ჭკუას გვარიგებს, მთელი ქოცური ელიტა კი, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევით არის დაკავებული და ცდილობენ ქვეყანა 90 -იანი წლების განუკითხავ დროში დააბრუნონ.
და ისინი, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, თავად გვიქმნიან პრობლემებს.
ერთია, როცა ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე და მეორე, როცა მათ შიშის ქვეშ აიძულებენ, უარყოს მომხდარი. არავის აწუხებს ის, რომ პოლიცია კარგავს თავის ავტორიტეტს, ნდობას საზოგადოებაში… მთავარი ის ხდება მათთვის, რომ როგორმე სიბინძურე ჩამოირეცხონ, ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი გზით, – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება შსს-ს პრესსამსახურის მიერ მომხდარზე ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი, სამედიცინო ცენტრში თავისი სურვილით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არა ცემის, არამედ დაცემის შედეგად აღენიშნება: “აღნიშნული პიროვნება დღეს ადრე დილით, არაფხიზელ მდგომარეობაში თავად მივარდა პოლიციის შენობაში, იყო აგრესიული, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დააზიანა ასევე კომპიუტერის მონიტორი. მისი, როგორც დამნაშავის წინააღმდეგ აღძრულია საქმე  სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სამედიცინო ცენტრში, მან თავად მოსთხოვა პოლიციელებს გადაყვანა. სასწრაფოს მიერ ის ჯერ დილის საათებში, შემდეგ საღამოს, იქნა გადაყვანილი, ასევე მისი მოთხოვნის საფუძველზე. როგორც ამბობდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა. დაზიანება, რომელიც მას აღენიშნება გამოწვეულია დაცემით, – გვითხრეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები 35 წლის ჯაბა წეროძე დღეს საღამოს 112-ის ბრიგადამ ოზურგეთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

ჯაბა წეროძის ახლობლები ოფიციალურ განცხადებების არ აკეთებენ, პრივატულ საუბრებში კი ამბობენ, რომ მამაკაცი პოლიციის მიერ ძლიერ არის  ნაცემი.

როგორც ისინი “გურიის მოამბეს” უყვებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯაბა წეროძემ ოზურგეთის პოლიციაში კომპიუტერი დააზიანა  და ვარაუდობენ , რომ პოლიციის რეაქცია სწორედ  ამას მოჰყვა.

გურიის მოამბე