ზაზა სარალიძემ ბორის კაკუბავას განცხადების გამო პროკურატურას მიმართა

ზაზა სარალიძემ ბორის კაკუბავას განცხადების გამო პროკურატურას მიმართათბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ერთი მოზარდი არაა და სასტიკი მკვლელობა რამდენიმე ცივი იარაღითაა ჩადენილი.

ზაზა სარალიძემ „ნიუპოსტს“ უყვება, რომ მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან.

სარალიძის მამამ დღეს თბილისის პროკურატურას მიმართა და ბორის კაკუბავას განცხადებებისთვის სამართლებრივი შეფასებების მიცემა მოითხოვა.

ცნობისთვის, კაკუბავა სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ბაბუაა, ყოფილი დეპუტატი ირწმუნება, რომ 2 მოზარდის მკვლელობით დასრულებულ გარჩევას წინ კონკრეტული კონფლიქტი უძღოდა.

სხვათა შორის, ბორის კაკუბავას მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ეს უკანასკნელი დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული თენგიზ კალანდიას სიმამრია. ბოლო დროის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ასევე კაკუბავას შვილიშვილები არიან.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სკანდალურად ცნობილი „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, ბორის კაკუბავაა?

კაკუბავა ირწმუნება, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტი ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც მის მეცხრეკლასელ

შვილიშვილს უფროსკლასელები სკოლაში ჩაგრავდნენ და მასზე ძალადობდნენ.

სწორედ ბორის კაკუბავას სკანდალური განცხადებებით დავიწყეთ ზაზა სარალიძესთან საუბარი:

„ბორის კაკუბავა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან აცხადებს, რომ მის შვილიშვილებს სკოლაში ჩაგრავდნენ, აშანტაჟებდნენ და ფულს აწერდნენ… მაინტერესებს, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა მან ეს ინფორმაცია. თუ მისი ნაამბობი სიმართლეს არ შეესაბამება, ვითხოვ საქმეს მიეცეს სამართლებრივი ფორმა“- აღნიშნა მოკლული მოზარდის მამამ.

ზაზა სარალიძე კაკუბავას განცხადებებს „თავდასხმას“ უწოდებს.

– კაკუბავამ ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც გაჟღერდა, რომ მოწმეების მოსყიდვას ცდილობდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მოისყიდა თუ არა ყოფილმა პარლამენტარმა მოწმეები, მაგრამ ფაქტია, რომ საქმის მოწმეები ჩვენებას ცვლიან. ზოგადად, როცა ადამიანი დამნაშავეა, სწორედ მაშინ იცავს ის თავს – თავდსასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ჩემი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის თვითმხილველებმა სასამართლოზე პოლიციისთვს მიცემული ჩვენებები რადიკალურად შეცვალეს. როცა ეკითხებიან და მათივე ჩვენებიდან ციტირებას ახდენენ, თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ახალ ჩვენებას დაეყრდნონ, რადგან ეს დაზუსტებულია. ფაქტია, რომ მათ ჩვენების კონკრეტულმა პირმა, ან პირებმა შეაცვლევინეს, ან მოისყიდეს ანდა დააშინეს, არაფერს გამოვრიცხავ, – თქვა ზაზა სარალიძემ და დასძინა, რომ ჩვენება შეცვალეს ასევე მისი შვილის მეგობრებმაც.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას სარალიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელა მკვლელობის მონაწილე ან დანაშაულის დამფარავ პირებს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

– როგორც ცნობილია და ამ დროსითვის უკვე გამოიკვეთა, საქმეში მაღალჩინოსნებს შვილები მონაწილეობდნენ, მათ შორის ბორის კაკუბავას ორივე შვილიშვილიც ინციდენტის მონაწილეა, დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაშია მიცემული მისი სიძე… ფაქტები წინ დევს, დანაშაულის დაფარვა და მოწმეების მოსყიდვა შეიძლება მათ ინტერესში იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვა პირების ინტერესებიც იკვეთებოდეს. როგორც გაირკვა, ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო ინცინდენტი – განმარტა მოკლული ბიჭის მამამ.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ამას საგამოძიებო ორგანოები ამბობენ: „ჩემ ბიჭს ორი ადამიანი სასიკვდილო ჭრილობებს ვერ მიაყენებდა“.

საქმის „ჩაფარცხვის“ მცდელობაზე საუბრისას სარალიძე აღნიშნავს, რომ გაუთქმელობის ხელწერილით ისეთი ადამიანები გააჩუმეს, ვინც საქმეზე ინფორმაციას ფლობდა.

– გააჩუმეს ზვიად კუპრავა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საქმის გამოძიებაში, ძირითადი საექსპერტო დასკვნა კი ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული. 4 თვეა ველოდებით დასკვნას, რომელიც ჭიანურდება და მიჩნდება ეჭვი, რომ საექსპერტო ბიუროც მოისყიდეს, – თქვა მოკლული დავითც სარალიძის მამამ.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა.

სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნიუპოსტი