ადვოკატი კორკოტაშვილი – ”წარმოუდგენელია, რომ მიუნხენიდან ქორიძეს 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას გავლილი ჰქონდა საბაჟო კონტროლი”

ადვოკატი კორკოტაშვილი - ”წარმოუდგენელია, რომ მიუნხენიდან ქორიძეს 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას გავლილი ჰქონდა საბაჟო კონტროლი”ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის განცხადებით, 2010 წელს, ირაკლი ქორიძის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებები დაიწყო.
როგორც კორკოტაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ირაკლი ქორიძე ფლობდა იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რის გამოც მას სთხოვეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ეთხოვებინა ავტომობილი, რაც დააკმაყოფილა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილით მიხეილ სააკაშვილმა გახსნა გომბორის გზა. მოგვიანებით, მას მოსთხოვეს აღნიშნული ავტომობილი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოსთვის, რაზეც ქორიძემ უარი განაცხადა.
ამის შემდგ, ადვოკატის ინფორმაციით, ქორიძეზე ზეწოლა დაიწყო. შევიდნენ მის საკუთრებაში არსებულ ტოტალიზატორ “აზია ბეტში” და ითხოვდნენ მისგან 2 მილიონ 500 ათას ლარს. მოგვიანებით კი, ქორიძე 300 აბი სუბუტექსის საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს, რომელიც ადვოკატის განცხადებით, მას პოლიციამ ჩაუდო.
– წარმოუდგენელია ბატონო მოსამართლე, რომ მიუნხენიდან ქორიძეს პალტოს გულის ჯიბით 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას ჰქონდა გავლილი საბაჟო კონტროლი, – განაცხადა ადვოკატმა.
გარდა ამისა, კორკოტაშვილის თქმით, ირაკლი ქორიძის დაკავების შემდეგ, მამამისზე, თემურ ქორიძეზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ სპეციალური ოპერატიული სამსახურისთვის გადაეცა ავტომობილი და გადაეხადათ 500 ათასი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიდნენ, რაც ადვოკატის განცხადებით, განახორციელეს კიდეც.
გარდა ამისა, კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ ქორიძე წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ორგანიზებას უწევდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში კონკრეტული პირების მონაწილეობის საკითხს.
დაცვის მხარემ სასამართლოს 2014 წელს, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა წარუდგინეს, რასაც მისი შეწყალება დაედო საფუძვლად.

ინტერპრესნიუსი