აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო31 მარტს, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. მაუწყებელში ჟურნალისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რის შესახებ მათ დღეს განცხადებაც გაავრცელეს.

„გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი შევძლებთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე“, – წერია აჭარის ტელევიზიის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.

mediamall.ge