ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება დღითი-დღე მწვავდება. დეპუტატები არ მალავენ, რომ გუნდი ორ ბანაკად იყოფა – ესენი არიან პრემიერის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა.

დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერს თანამდებობიდან წასვლაც კი ურჩიეს. როგორც აღმოჩნდა, დავით ჭიჭინაძე არ არის ერთადერთი, რომელსაც მდინარაძე-კობახიძის გადაწყვეტილებები არ მოსწონს. კოლეგების კრიტიკა ღიად დაიწყო უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმაც.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები არასწორია. ნაცვლიშვილი ფრაქციის ლიდერსა და პარლამენტს თავმჯდომარეს დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებაში ადანაშაულებს.

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერი ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დატოვებას არ აპირებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ფუნდამენტალურ საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში “ქართული ოცნების” დატოვება მოუწევს.

​- დავით ჭიჭინაძის განცხადებას გარკვეულწილად მეც ვიზიარებ. არა გადადგომის თვალსაზრისით, არამედ არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა, თითქოს ისინი საერთო კონტექსტში არ ჯდებოდნენ, ეს მეც არ მიმაჩნია სწორად, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იდეოლოგიური განსხვავებები მის ფრაქციას აქვს მმართველ გუნდთან.

– თუ ვინმე უნდა გასულიყო მმართველი გუნდიდან, ეს ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებები არის. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ეხლა რასაც ვამბობ, ეს არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, არც პიროვნული და არც გუნდის შინგით მსოფლმხედველობითი, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს. თუ გამოჩნდება განცდა, რომ თუ ვინმეს ბირთვი ჰგონია თავი და ამ ბირთვზე მიტმასნილი ჰქონიათ რიგი ადამიანები, პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც უმრავლესობას დატოვებენ, – თქვა დეპუტატმა.