სიღნაღში უცხოენოვანი გიდებისა და სომელიეების დეფიციტია.
ამის შესახებ Bm.ge-ს სიღნაღელმა მეღვინემ ჯონ ვურდემანმა განუცხადა, რომელიც ტურისტებს მრავალი წელია საკუთარ მარანებში მასპინძლობს. როგორც ვურდემანი ამბობს, სეზონურად პერსონალის ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან უწევს.
– ტურისტების რაოდენობა ბევრია, თუმცა კადრების დეფიციტი გვაქვს და პერსონალი საზღვარგარეთიდან ჩამომყავს სამუშაოდ, განსაკუთრებით უცხო ენების მცოდნე გიდების დეფიციტია, ასევე სომელიეების, რომლებიც ღვინის დეგუსტაციებს ატარებენ და ტურისტებს სხვადასხვა ენაზე უხსნიან ყურძნის ჯიშების და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.
როდესაც სიღნაღი განვითარდა ძალიან ბერი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, ახალგაზრდა კადრების რაოდენობა კი მცირეა, თბილისელებს სიღნაღში ცხოვრება არ სურთ, სიღნაღელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კი საცხოვრებლად თბილისში, ევროპაში, ან სხვაგან წავიდა. უცხოელებს კი ძალიან უხარიათ სიღნაღში ჩამოსვლა და 6-7 თვე სიამოვნებით ცხოვრობენ აქ.
ორი ადამიანი ამერიკიდან ჩამომყავს, ერთი საფრანგეთიდან, ერთი იტალიიდან და ერთიც ისრაელიდან. მათ ტრეინინგებს ვუტარებ, ჯერ ჩემთან ერთად ატარებენ დეგუსტაციებს, სტუმრებს მხოლოდ ამის შემდეგ ემსახურებიან, სულ რამდენიმე დღე სჭირდებათ მოსამზადებლად, – განაცხადა ჯონ ვურდემანმა.
ჯონ ვურდემანი რამდენიმე ტურისტული ობიექტის მფლობელია, მათ შორის თბილისში რესტორნების: “პოლიფონია” და “აზერფეშა“, ღვინის ბარის “ანდეგრაუნდი“, (სადაც წილს ფლობს), მასვე ეკუთვნის სიღნაღში მდებარე რესტორანი “ხოხბის ცრემლები“ და “გიჟი ბროწეული“ , რომელიც ტიბაანშია. ხუთივე რესტორანი ტურისტებს განსხვავებული კონცეფციით ემსახურება.

