მამუკა ჭელიძე – ”გიორგი გიორგანაშვილს 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება”

მამუკა ჭელიძე - ”გიორგი გიორგანაშვილს 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება”– მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

– გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი. გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები:
ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.

– ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, წარედგინა ახალი ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს კი, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა, – აღნიშნა ჭელიძემ.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.

ინტერპრესნიუსი