მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ – “დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა”

მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ - "დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა"კომპანია ReFresh-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგეშვილი, მერიის მიერ გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ კანონის დახვეწა, რათა მოხდეს გარე ვაჭრობის გამიჯვნა, მოწესრიგებული საქმიანობისგან. ამის შესახებ მან ,,საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

კომპანიას აქვს სავაჭრო ობიექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც ტურისტებს ე.წ ,,ფრეშ წვენებით“ უმასპინძლდებიან. ქსელში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შემოსავალი საშუალოზე მაღალია.

– ერთ დღესაც მერიამ აკრძალა გარე ვაჭრობა, რაც ცალსახად მისასალმებელია, რადგან ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ორ პრინციპს: უკანონოდ მითვისებული ტერიტორიების გამოთავისუფლებას და სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ, რატომ არ უნდა გვეხებოდეს ეს ჩვენ: პირველ პუნქტს შევეხები, უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიებს, ამასთან დაკავშირებით გვქონდა 7-8 სასამართლო დავა, როდესაც მერიის ზედამხედველობის სამსახური გვაჯარიმებდა, აბსოლიტური უმრავლესობა ამ დავების მოგებული გვაქვს. ჩვენი ობიექტები ძირითადად განთავსებულია კერძო პირებისგან იჯარით აღებულ ტერიტორიებზე, – განაცხადა გიორგი გოგეშვილმა.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, დღეს არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი რეგულაციები, რაც მათ სტაბილურად ფუნქციონირების და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს.

– გარდამავალ პერიოდში თავად მერიის თანამშრომლებმაც არ იციან, რა და როგორ გააკეთონ, ურჩევნიათ აკრძალონ, დაგაჯარიმონ. ყველაზე ცუდია, რომ კონფისკაციასაც ითვალისწინებს ეს მუხლი და ჩვენს შემთხვევაში კონფისკაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვეღარ ვვითარდებით, ჩვენი მიზანი თვითგადარჩენაა პირველ რიგში, არადა კარგი გეგმები გვქონდა, რაც ეხებოდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვფიქრობდით ტურისტებისთვის შეგვეთავაზებინა ახალი სერვისი, დაგვეწყო ე.წ ,,თან წაიღე“ პროდუქციის მიწოდება, მაგრამ ამ ეტაპზე ვართ იმ სიტუაციაში, რომ კანონი რაღაცნაირად მოვირგოთ, ვაჩვენოთ ვიღაცას, რომ ჩვენ არ ვართ გარე მოვაჭრე. თუმცა, მერიასთან კომუნიკაცია ჯერ-ჯერობით უშედეგოა, – განაცხადა გიორგი გოგეშვილმა.

ბიზნესმედია