პროკურორი ირინა ჩოჩია – ”ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინა”

პროკურორი ირინა ჩოჩია - ”ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინა”დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე ბრალი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინათ.

ამის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა დაადასტურა.

ირინა ჩოჩიას თქმით, საქმეში ხულორდავას რამდენიმე ჩვენება არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

პროკურორის თქმით, თავდაპირველად, ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას დაუდასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალებები „ბახალას“ და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდათ, თუმცა მოგვიანებით ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატების ზეწოლით, ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ნარკოტიკები ზესტაფონში მისთვის უცნობმა პირებმა გადასცეს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, 6 თვის შემდეგ ჯაბა ხულორდავამ ჩვენება ისევ შეცვალა და აღნიშნა, რომ გიორგი გიორგანაშვილმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთში გადასცა.

– ჯაბა ხულორდავას პირველი კონტაქტი როდესაც ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, კერძოდ, როდესაც მოხდა ჩხრეკა და რეანომობილიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება, მან მაშინვე დააფიქსირა შესაბამის ოქმზე, რომ ეს აბები გიორგი გიორგანაშვილს და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯაბა ხულორდავას შეხვდნენ ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატები, სწორედ მათი მითითებით და მცდელობის შესაბამისად, ჯაბა ხულორდავამ მცდარი ჩვენება მისცა გამოძიებას, მაგრამ მალევე მოეგო გონს და სასამართლოზე დააფიქსირა ის ჩვენება, რასაც იგი თავიდანვე განმარტავდა. მან განმარტა, რომ ეს ჩვენება იმიტომ მისცა, რომ ასე ურჩია ადვოკატმა, რომელიც ირაკლი ქორიძემ დაუქირავა, – განაცხადა პროკურორმა, ირინა ჩოჩიამ.

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა” წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს არ ცვლის.

– რაც ახალი მოპოვებულია მტკიცებულება, ეს კარდინალურად არ ცვლის საქმეს. ეს არის შემავალი და გამავალი ზარები და არა ჩანაწერები. თუმცა ირაკლი ქორიძე და გიორგი გიორგანაშვილი ერთმანეთს რომ იცნობდნენ, ბიზნესპარტნიორები რომ იყვნენ, ე.წ. ელექტრონული სიგარეტის მაღაზიის გახსნას რომ აპირებდნენ, ეს აქამდეც გვითქვამს, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

რუსთავი 2