ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს. “ერთადერთი გზა გვაქვს, რომ გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ეს გადაწყვეტილება, რაც ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიციაა. აღკვეთის ღონისძიების შეფასებას თავისი კრიტერიუმები აქვს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორი უვადო მუხლით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ვერ უზრუნველყოფდა სასამართლოში გამოცხადებას, მოწმეებზე ზეწოლისგან თავის შეკავებას და გამოძიებისთვის ხელის არშეშლას. შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება. სასამართლოს რევიზიაში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ქორიძე უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე, რადგან არ არსებობდა ამის გამოყენების საფუძველი, ისევე, როგორც ბრალის წარდგენის საფუძველი. დაველოდოთ ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რისთვისაც 48 საათი გვაქვს”, – აღნიშნა ჯანიაშვილმა.
ირაკლი ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.
შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.
ინტერპრესნიუსი

