საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 900.000 მსუბუქი ავტომანქანა და 1,3 მილიონი მართვის მოწმობა. ოფიციალურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება.
“თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია და მოსახლეობის დაახლოებით 20%, 17 წლამდე ასაკისაა, გამოდის, რომ საშუალოდ, ქვეყანაში ყოველი მესამე ზრდასრული მოსახლე ერთზე მეტ ავტომობილს და მართვის მოწმობას ფლობს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6 939 სისხლის სამართლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს, რომ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევამ სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის საშუალო ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამავე წელს, ადმინისტრაციული შეჯახებების რაოდენობა 32.015-ს შეადგენს, რაც დაკავშირებულია ქონების ან სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლის მანძილზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 38 954-ს შეადგენს, გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 107 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხება და წლის განმავლობაში ყოველი 30-ე ავტომობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ახდენს”, – ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს, რომელმაც საქართველოში ავტოსაგზაო უსაფრთხოების საკითხები შეისწავლა.
ბიზნესმედია

