“უსახელაურის ღვინოზე მოთხოვნა დიდია, ყურძენი კი დეფიციტურია”

"უსახელაურის ღვინოზე მოთხოვნა დიდია, ყურძენი კი დეფიციტურია"შპს ,,უსახელაურმა“ გერმანიის შემდეგ კიდევ ერთი საექსპორტო ბაზარი აითვისა. წელს კომპანიის ღვინო ,,უსახელაური“ რუსეთში გაიყიდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, პაატა შარაშენიძემ განუცხადა.

– გერმანიაში უკვე სამი წელია ექსპორტი გვაქვს, წელიწადში 2.000 ბოთლს ვყიდით, რუსეთში პირველი პარტია 500 ბოთლი გაიგზავნა და უკვე 2.000 ბოთლზე გვაქვს შეკვეთა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უსახელაურის ყურძენი დეფიციტურია და ჩვენ არ გვაქვს იმდენი მოსავალი, რომ დიდი რაოდენობის ღვინო ვაწარმოოთ, ყურძენს კი ვყიდულობთ, მაგრამ ამ მხრივაც დეფიციტია. ფაქტიურად არ იშოვება, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, სულ 40 ტონა მოდის, ისიც ერთადერთ სოფელში, ოყურეშში, აქედან 15 ტონას ჩვენ ვაწარმოებთ, ეს ყურძენი ძირითადად გლეხებს და სულ ორიოდე ფერმერს მოჰყავს, უსახელაურის ვენახები ჯამში 15 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც მესამედი ჩვენია.

ჩვენი ღვინის 50% ექსპორტზე გადის, თბილისში მხოლოდ ორ მაღაზიაში ,,ღვინის გალერეაში“ და ,,8 ათას მოსავალში“ ვართ წარმოდგენილი. შეკვეთებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სამომავლოდ ძირითადი წილი ექსპორტზე გაიყიდება და საქართველოში ძალიან ცოტა დარჩება, ისიც ჩვენს ტურისტულ ობიექტზე – სასტუმროსა და მარანში გაიყიდება.

განსაკუთრებით ცოტა მოსავალი მოვიდა 2016-2017 წლებში, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის მოცულობაც შედარებით მცირე იყო, 2017 წლის მოსავლიდან 6 ათასი ბოთლი ვაწარმოეთ, 2016-ის – სულ 2.000, ხოლო 2015 – ის მოსავლიდან – დაახლოებით 10.000 ბოთლი.

უსახელაური არის ძალიან არასტაბილური ჯიში, ძალიან ცოტას ისხამს, განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, – განაცხადა პაატა შარაშენიძემ.

ბოთლი ,,უსახელაურის“ ფასი საქართველოში დახლზე 100 ლარია.

კომპანია ,,უსახელაური“ ლეჩხუმში, სოფელ ოყურეშში 10 ჰა ვენახს ფლობს, აქედან 5 ჰა ცოლიკაურის და 5 ჰა უსახელაურის ჯიშის ვენახებია. ცოლიკაურის ვენახიდან წელს პირველ, დიდ მოსავალს – 50 ტონა ყურძენს ელიან.

კომპანიამ გასულ წელს ღვინის საწარმოც ააშენა, რომელსაც სეზონზე 150-200 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია, საიდანაც 100.000 ბოთლი ღვინო იწარმოება. ჯამში კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია 3,5 მილიონი ლარია.