”ცოლ-ქმარი ვართ, მანქანის ნაწილებით ვვაჭრობთ და ქირის გადახდის პრობლემა არ გვექნებაო…” – ბინის მფლობელი, სადაც ნარკორეალიზატორები დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებს

”ცოლ-ქმარი ვართ, მანქანის ნაწილებით ვვაჭრობთ და ქირის გადახდის პრობლემა არ გვექნებაო...” - ბინის მფლობელი, სადაც ნარკორეალიზატორები დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებსნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის საშუალებით გასაღების ბრალდებით დაკავებულების ახლობლებმა მათი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ისინი თავად საუბრობენ.

– არ ვიცი არაფერი. მე თვითონ ველოდები გამოძიებას. არაფერს არ მეუბნებიან, – აცხადებს დაკავებული გოგონას, ნინო გედელაშვილის ძმა და ამბობს, რომ ის არ იცნობდა იმ მამაკაცს, რომელთან ერთადაც მისი და დააკავეს.

დაკავებული ცოლ-ქმარი დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ბრალდებულებმა ფართი, დაახლოებით, სამი თვის წინ იქირავეს და მეპატრონეს უთხრეს, რომ მანქანის ნაწილებით ვაჭრობდნენ

– განცხადება მქონდა განთავსებული ბევრ საიტზე. დამიკავშირდა ახალგაზრდა გოგო და შევხვდი. ცოლ-ქმარი ვართო, ასე გამეცნენ. თავიდან პოზიტიურები ჩანდნენ და 5 წუთიც არ დასჭირდა მოსაფიქრებლად. შესაბამისად, მეც მალევე გადავეცი სახლის გასაღები. მითხრეს, რომ მანქანის რაღაც ნაწილებით ვაჭრობდნენ და ქირის გადახდის პრობლემა არ იქნებოდა. ასევე მითხრეს, რომ ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილი, მათთან ერთად იცხოვრებდა ბებიაც და სახლიც სულ მოწესრიგებული იქნებაო. ისე მესაუბრებოდნენ, რომ არანაირი ეჭვი არ გამჩენია სამი თვის განმავლობაში, – აცხადებს ბინის მეპატრონე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე შს სამინისტრომ ცოლ-ქმარი – 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველებმა, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ფაქტზე სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

რუსთავი 2