ამერიკაში გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა

ამერიკაში გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდაამერიკაში თუშური გუდის ყველის ექსპორტი გაიზარდა, ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატივი “ალაზნისთავის” თანადამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა. კოოპერატივი ნიუ იორკსა და კალიფორნიაში ყოველთვიურად 500 კილოგრამ გუდის ყველს გზავნის, წლევანდელი სეზონიდან კი ექსპორტი 25%-ით გაიზრდება.

– ექსპორტის გაფართოებაზე ვართ ორიენტირებული, ყოველწლიურად ვგეგმავთ ზრდას. 2016 წლიდან ვყიდით გუდის ყველს ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკსა და კალიფორნიაში. ჩვენი პროდუქციას ამერიკაში ადგილობრივ ექსპორტიორ კომპანიას გააქვს, რომელიც ყოველწლიურად ზრდის მოთხოვნას.

ყველის რეალიზაციის სეზონი განსაზღვრულია სექტემბრის ბოლოდან, მაისის ბოლომდე. 2017 წლის სეზონზე, ექსპორტზე ყოველთვე ვგზავნიდით 500 კილოგრამ პროდუქციას, 2018 წლის სეზონი სექტემბრიდან დაიწყება და ჩვენ უკვე გავგზავნით 20-25%-ით მეტ გუდის ყველს.

იყო დაინტერესება რუსეთიდან, ისრაელიდან, იყვნენ ჩამოსული შუა აზიიდან და ნახეს ჩვენი წარმოება, იაპონიაში გაიგზავნა საჩვენებელი ნიმუშები. ვფიქრობ, პირველი პრობლემა ბაზარზე ექსპორტიორი კომპანიების არ არსებობაა, რომლებიც მწარმოებლების პროდუქციას დიდი რაოდენობით შეისყიდიან და შემდეგ ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანენ, – განაცხადა გიორგი აბულიძემ.

წელს კოოპერატივი “ალაზნისთავი“ 8 ტონა ყველის წარმოებას გეგმავს, მისი 50% საქართველოში, მეორე ნახევარი კი ექსპორტზე გაიყიდება. კოოპერატივი 2015 წელს ევროკავშირის, ENPARD – ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

ბიემჯი