“ღვიძლში აქვს ნასროლი…შეიძლება გვერდზე მჯდომს გაუვარდა, რომელსაც მალავენ”- გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

"ღვიძლში აქვს ნასროლი...შეიძლება გვერდზე მჯდომს გაუვარდა, რომელსაც მალავენ"- გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავსსაოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, გარდაცვლილი სპეცრაზმელის, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილის ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ბარიშვილის ახლობლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავი მოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ შვილის გარდაცვალების შესხებ უწყებიდან მისთვის არავის უცნობებია.

მარინე ნიკორაშვილი, აღნიშნულ ბაზაზე მზარეულად მუშაობს.

„სამსახურში რომ მოვედი ვიკითხე სად არის ნუგო?! ამათმა მითხრეს, რომ ბაზაზეა. მას შემდეგ რაც ტელეფონზე არ მიპასუხა, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ჩავედი და მისგან ვცდილობდი გამეგო სად იყო ჩემი შვილი, მითხრა, რომ ნუგო დაჭრილი იყო“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ნუგზარ ბარიშვილის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ პოლიციელს მტერი არ ჰყოლია და არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

„ცხინვალიდან დევნილია, გორში ბინა მიიღო, სოფელშიც ბინა აქვს. არავისთვის მტერი არ იყო. შანსი არ არის, თავს არ მოიკლავდა. შეიძლება ვიღაცა გვერდზე მჯდომს… რომელსაც მალავენ გაუვარდა და ამას მოხვდა. ღვიძლში აქვს ნასროლი“- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ნუგზარ ბარიშვილის მეუღლე მერი ხმიადაშვილი ბაზაზე მომხდარი ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

„ოჯახს არც კი შეგვატყობინეს, რომ დაჭრილია და საავადმყოფოში მიგვყავსო. თავის სოფელში იყო პოსტზე, როგორ მოიკლავდა თავს?! 35 წუთში ისედაც უნდა შეცვლილიყო, არ მოიკლავდა თავს“- ამბობს ბარიშვილის ცოლი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.