გიორგი ჭელიძე – “როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ“

გიორგი ჭელიძე - “როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ“საქართველოში, საზოგადოების ერთი, ძალადობრივი ჯგუფი, ფიზიკურად თუ ვერბალურად ებრძვის ყველას და ყველაფერს, ვინც მათ მოსაზრებებს არ ეთანხმება. ამას “ქართული ღირსების” დაცვით ამართლებს, თვითონ კი ფაშისტური იდეოლოგის მიმდევარია.

32 წლის გიორგი ჭელიძე ერთი წელია, რაც ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციას „ საქართველოს ეროვნული ერთობა“ ჩაუდგა სათავეში. ორგანიზაციას მისალმება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც მსოფლიო ფაშიზმს და რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალული და დასჯადია.

გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი ინტერვიუდან. სრული ვერსიის ნახვა კი შეგიძლიათ ჟურნალ “თბილისელებში.”

“ჩვენ „ვაწვებით“ ფაშიზმს და ნაციონალ-სოციალიზმს, ჩვენ ვართ ამ მიმდინარეობის მიმდევრები. ჩვენ არ ვართ აგრესიული ძალა, ფაშიზმი არის ეროვნული იდეის სრულყოფა. ჩვენ ქართველ ფაშისტებს გვეძახიან, რაც ჩემთვის დიდი პატივია, სხვათა შორის, მე და მუსოლინი ერთ დღეს ვართ დაბადებული, რაც ძალიან სასიამოვნოა. ფაშიზმი ხომ საერთოდ მუსოლინის მოგონილია. ჩემთვის გმირია ყველა ის ქართველი ფაშისტი, ვინც გერმანიის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.

ადამიანებს, ვინც ხდებიან ჩვენი წევრები, უნდა ჰქონდეთ ფაშისტური იდეოლოგია, ის აუცილებლად უნდა გამოიცადოს ერთგულებაში, ეს ჩვენი შიდაგანაწესია, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ორგანიზაციის წევრები თავისი ადამიანური რესურსით ხვდებიან სხვადასხვა მიმართულებებში – იდეოლოგიის, პროპაგანდის, „დამრტყმელი ძალის“ და ასე შემდეგ.

გვყავს შავპერანგიანთა, ეგრეთ წოდებული, „დამრტყმელი ბატალიონები“, რომლებიც უზრუნველყოფენ წესრიგს ჩვენი აქციების დროს.

ჩვენი ორგანიზაციის წევრს არ აქვს უფლება, მოიყვანოს ზანგი ცოლი ან, უბრალოდ, შეუყვარდეს ასეთი ვინმე. ორგანიზაციაში ქალებს და მამაკაცებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, არ შეიძლება მათ ერთმანეთის მიმართ სიმპათია და ემოცია გამოხატონ, შეეხონ ერთმანეთს, როცა ყველა ერთად ვართ, თუმცა, ორ ფაშისტს თუ ერთმანეთი შეუყვარდება, ამას რა ჯობია,

მე როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ. თანამებრძოლები ერთმანეთს ამ მისალმებით ვხვდებით. ვიყენებთ მოკლე მისალმებასაც, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი იყენებდა.

შეიარაღებულები ვართ, კანონის ფარგლებში ვატარებთ იარაღს. ორგანიზაციის წევრების უმეტესობას გვაქვს იარაღი: სანადირო თოფი, „ვინჩესტერი“, პისტოლეტი, ნახევრადავტომატური იარაღები, ვიცავთ მათი მოხმარებისა და გადატანის წესებს. ხმალი არაპრაქტიკულია, თორემ რატომაც არა. ძალიანაც გამიხარდებოდა, ქართველი მამაკაცები ეროვნულ ტანსაცმელს და ხანჯალს ან მაუზერს რომ ატარებდნენ. ”

ცნობისთვის: სწორედ ეს ფაშისტური დაჯგუფება გამოვიდა “ქართულ მარშთან” ერთად 13 მაისს, პარლამენტის წინ მშვიდოაბიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდების საცემად.

ნიუპოსტი