ირაკლი გურჩიანის ფირმა შსს-ს 180 პიკაპს 10 მილიონად მიაწვდის – მან ტენდერში თემურ კოხოძის ფირმა დაამარცხა

ირაკლი გურჩიანის ფირმა შსს-ს 180 პიკაპს 10 მილიონად მიაწვდის - მან ტენდერში თემურ კოხოძის ფირმა დაამარცხაშსს-ს 180 სპეციალიზირებულ პიკაპს, კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მიაწვდის. აუქციონზე, მან, კონკურენტ “ტოიოტა ცენტრ თეგეტაზე“ 181 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა შემსყიდველს.

“ტოიოტა ცენტრი თბილისი” მზადაა, მანქანები შსს-ს 10 მილიონ 582 ათას ლარად მიჰყიდოს. ამჟამად, ტენდერი შერჩევა/შეფასების სტადიაზეა და თუ კომპანიას დოკუმენტაცია წესრიგში ექნება, მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ პიკაპები, შპს “მექანიზატორს” თავდაპირველად ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, სურსათის სააგენტოსთვის უნდა შეეძინა, თუმცა ჩატარებული ორი ტენდერის მიუხედავად, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მანქანები შსს-მ გადასცა, რათა შეწამვლის სამუშაოები არ შეფერხებულიყო. ახალი ტენდერით კი მანქანებს უკვე სამინისტროსთვის ყიდულობენ. თუმცა, გაზრდილია როგორც მანქანების რაოდენობა, ისე დასახარჯი თანხაც, ასევე შეცვლილია თავად პიკაპების კონფიგურაციაც.

კერძოდ, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 130 პიკაპის შეძენა, რისთვისაც ჯამში 7,4 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, ახლა კი 180 მანქანას ყიდულობენ, რაშიც 3 მილიონით მეტს -10,5 მილიონ გადაიხდიან. რაც შეეხება მანქანების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს-102 ცხენის ძალის ნაცვლად, მოთხოვნილია 149 ცხენის ძალიანი მანქანა, აუცილებლად თეთრი ფერის, მაშინ როცა წინა შემთხვევაში მოთხოვნილი იყო თეთრი ან რუხი და დასაშვები იყო სხვა ფერიც, ასევე აუცილებელი მოთხოვნაა მუხლის უსაფრთხოების ბალიშიც, რაც წინა ტენდერებში არ ფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, წინა ტენდერში, რომელიც 4 ლოტად იყო გამოცხადებული, მონაწილეობა ერთმა კომპანაიმ, შპს “მსოფლიო ტექნიკამ“ მიიღო და ეს კომპანია სოფლის მეურნეობის ტექნიკის იმპორტითაა დაკავებული.

რაც შეეხება გამარჯვებულ “ტოიოტა ცენტრ თბილისს”, მისი დამფუძნებელი და 66,7%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია, 33,3%-ს კი დავით ტაკიძე ფლობს. მისი კონკურენტის, “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” 70%-ის მფლობელი კი ყოფილი დეპუტატი თემურ კოხოძეა.

ბიემჯი