თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში მიხეილ იაშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ მიხეილ იაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია: დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი, რომელმაც უშუალოდ ამოიცნო ბრალდებული. გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მკვლელობის იარაღი, რომელიც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილთან ახლოს გადამალა და რომელზეც მისი დნმ აღმოჩნდა, ბრალდებულის ტანსაცმელსა და ხელზე კი აღმოჩნდა სროლის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებების კვალი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს, კახა ძნელაძე მთაწმინდის 7ა კორპუსის წინ მეგობართან ერთად იჯდა და ლუდს სვამდა, როდესაც მას განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი მიხეილ იაშვილი მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში დამიზნებით ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებით კახა ძნელაძე ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მიხეილ იაშვილი 2017 წლის 17 აგვისტოს თბილისში დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის მაქსიმალური ზომა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

