ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 1 ივნისამდე უნდა გამოიტანოს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 1 ივნისამდე უნდა გამოიტანოსთბილისში ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი პირველ ივნისამდე უნდა დაადგინოს. ერთ-ერთი ბრალდებული მოზარდის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები ფინალურ ეტაპზეა. მისივე თქმით, გამოძიება არასწორად და ცალმხრივად წარიმართა. კაკაბაძე ამბობს, რომ ორი ბრალდებულის ნაცვლად მინიმუმ ოთხი ბრალდებული უნდა იყოს.

“ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაჭრის ფაქტს. ვინაიდან ამ ინფორმაციას უნდა დაეფუძნოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი. მე კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ თვითმხილველი პირების ჩვენებებით არ დგინდება ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება. გამოძიება არის ცალმხრივად და არასწორად ნაწარმოები და მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტული პირები არ იქნენ მიცემული პასუხისგებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვყავს მხოლოდ ორი ბრალდებული და გაცილებით მეტი პირი”,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათი ადვოკატები გადაწყვეტილების სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.