პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მან ნამდვილად შეიწყალა თავისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი. მისი შეწყალების მიზეზი პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა.
– ერთი ადამიანი შევიწყალე და ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი პატიმარი მყავს შეწყალებული. იყო ფაქტორი რომ იყო მაკას ძმა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაცა რეკომენდაციას მეუბნება, რომ კარგი ადამიანია და რაღაცას მიყვება რომელიღაც პატიმარზე, რა გგონიათ ეს ამ კომისიაზე არ ახდენს გავლენას, ან ადვოკატის პოზიცია არ ახდენს გავლენას?
მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა არ შემიწყალებია.ეს არ იყო გამონაკლისი. და ახლა გადავიდეთ მეორეზე, რომ მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი თურმე შემიწყალებია, ეს არც ვიცოდი. ამას არ ვიხილავდი და მე კი არა, კომისიამაც ბუნებრივია, არ იცოდა. შენ წარმოგიდგენი, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?! – განაცხადა მარგველაშვილმა.
მიხეილ მგალობლიშვილი ოხჯერ არის ნასამართლევი. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტმა შეწყალების წესით 2015 წელს გაათავისუფლა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ სამი წელი გაატარა. მიხეილ მგალობლიშვილი 2011 წლის მაისში ჯგუფური და განზრახ მკველელობის მცდელობისთვის დააკავეს. პირველად კი ის 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამნისტიის შეხების შემდეგ მგალობლიშვილმა საპატიმრო 9 თვეში დატოვა. თუმცა, 2009 წელს ისევ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს.
მგალობლიშვილი ბოლოს გასული წლის იანვარში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად. მას სასამართლომ 24 აპრილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ მორიგი განხილვის საგანი გახდა. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულში ნასამართლევი და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია. მისი შეწყალების მიზეზები გიორგი მარგველაშვილმა 16 აპრილს ბრიფინგზე განმარტა და ძალადობაში ბრალდებულთა შეწყალების პროცესი დროებით შეწყვიტა, თუმცა ოპოზიცია და უმრავლესობა პრეზიდენტს მომხდარზე პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებში ადანაშაულებს.
მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა
იმედინიუსი

