ფაშისტი ჭელიძე და შავპერანგიანი ვაშაკიძე პოლიციაში დაკითხვაზე არიან

ფაშისტი ჭელიძე და შავპერანგიანი ვაშაკიძე პოლიციაში დაკითხვაზე არიან„საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაური გიორგი ჭელიძე და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის, მოძრაობა „შავპერანგიანების“ მეთაური თორნიკე ვაშაკიძე დიღმის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

დაკითხვაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ გამომძიებლებმა ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, კონკრეტული მუხლი კი მათთვის უცნობია. ჭელიძე და ვაშაკიძე ჯგუფური ძალადობის საქმესთან კავშირს უარყოფენ, ვინაიდან მათი თქმით, 13 მაისს რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციაზე არ იმყოფებოდნენ.

დაკითხვაზე დაბარებულები ირწმუნებიან, რომ მაშინ როცა კონტრაქცია მიმდინარეობდა, ისინი „ლონდონის სკვერში“ რუსთაველზე წასასვლელად იკრიბებოდნენ, თუმცა ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას პოლიციის კორდონი არ აძლევდა.

ჭელიძე და ვაშაკიძე დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ორგანიზაცია ქართულ ფაშიზმს ქადაგებს, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება.

12-13 მაისს თბილისში, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით, მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

თეთრი ხმაურის მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველზე 13 მაისს კონტრაქცია დაიწყო. მთავარ გამზირზე მისული „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები აქციის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

აქციისა და კონტრაქციის გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე დაფიქსირდა კონტრაქციის წევრების მხრიდან უცენზურო გამონათქვამები და მუქარის შემცველი შეძახილები.

შსს-მ კონტრაქციისას გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება15 მაისს დაიწყო.

იმედინიუსი