შსს: “მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია”

შსს: "მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია"პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსს ივანე კაციტაძეს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს მოუსმინეს.

კაციტაძემ საშიშ ინტერნეტთამაშზეც ისაუბრა და თქვა:
“ყველა შემთხვევა, რომელიც მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ეხება, შესწავლილია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია… აღნიშნულ თამაშს არ გააჩნია არც ინტერნეტ-აპლიკაციის, არც ვებგვერდის სახე და წარმოადგენს მხოლოდ ფსიქოლოგიური დომინანტის დომინირებას სუსტ მსხვერპლზე”.

შს სამინისტროში წარმოებული გამოძიების შესახებ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემაც ისაუბრა.

მისი თქმით, გამოძიებით მოზარდების “ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ დასტურდება

“მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული, რადგან რუსეთის ფედერაცია საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მასშტაბები საკმაოდ დიდია. დღეის მდგომარეობით რუსეთში მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული – ეს არის თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. მათი ბრალეულობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და საქმეზე გამამტყუნებელი განჩენი დამდგარი არ არის“, – აღნიშნა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.