სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის 1 ქალი და 7 მამაკაცია

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის 1 ქალი და 7 მამაკაციაღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით ესენი არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე. ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად “ვიტო”, კაფე “გალერის” დაცვის თანამშრომელია.

ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბოცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კლუბში მყოფი პირების ერთმა ნაწილმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტიის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით ჩააბარა.