საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელ ვალერი კვარაცხელიას წერილობით აფრთხილებს, რომ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოიყენონ.
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მოგმართავთ არ დაუშვათ ან აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე აწერს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აღნიშნული გაფრთხილების შეუსრულებლობა გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.

