თამბაქოს მოწევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ქუთაისში 2 პირი დააკავეს

თამბაქოს მოწევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ქუთაისში 2 პირი დააკავეს3 მაისს, ქუთაისის ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის გამო პოლიცია იქნა გამოძახებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს კანონის დარღვევის გამო ერთი პირი დააჯარიმეს, ორი კი, რომლებმაც მოწევის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დააკავეს.

ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, კაფის მეპატრონეს არ ჰქონდა თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები განთავსებული შენობაში, შესაბამისად, ისიც დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, 1 მაისიდან დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო.