27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა – რა უნდა ვიცოდეთ?

27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა - რა უნდა ვიცოდეთ?27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. ის თავისებურად უნიკალური მოვლენაა, რადგან NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. ადამიანების ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებს. მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება.

 მთვარის დაბნელება რა არის?
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.

ეს ასტრონომიული მოვლენა – პირველიდან ბოლო ფაზამდე – სულ 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო დასჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახად.

 რატომ წითლდება მთვარე დაბნელებისას?
მთვარის დაბნელებას ზოგჯერ „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ, რაც დაკავშირებულია თანამგზავრის მუქ წითელ ელფერთან, რომელსაც ის დაბნელების დროს იძენს. ეს ვიზუალური ეფექტია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედმიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები ატმოსფეროში იფანტება და ნაწილობრივ მთვარემდე აღწევს.

რადგან დედამიწის ატმოსფერო მეტნაკლებად გამჭვირვალეა სპექტრის ნაწილის ნარინჯისფერი და წითელი სხივებისათვის, სწორედ ეს სხივები აღწევს მთვარის ზედაპირამდე დაბნელების დროს, რის გამოც მთვარის დისკი წითლდება. ამ მიზეზით მზის ამოსვლას და ჩასვლას წითელი ელფერი აქვს.

გარდა ამისა, 27 ივლისს მთვარე იქნება დედამიწისგან მაქსიმალურად დაშორებული.

 სად და როდის შეიძლება დაბნელების ნახვა?
სრულად დაბნელების ნახვა ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრლიის ყველა ნაწილში შეიძლება, ანუ ყველგან ჩრდილოეთ ამერიკის გარდა. ამ მოვლენაზე დაკვირვებისათვის ტელესკოპი საჭირო არ არის, მაგრამ დურბინდი გამოგადგებათ.

იმედინიუსი