ამბროლაურში მევენახეები ყურძნის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, ძალიან დაბალ ფასს უხდიან და ურჩევნიათ, ყურძენი თვითონ დაწურონ.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, დაახლოებით 300 ადამიანი რთველის საკოორდინაციო შტაბის წინ არის შეკრებილი.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის თქმით, სახელმწიფო წელს სუბსიდიას არ გასცემს, ისინი შეეცდებიან, მიაღწიონ შეთანხმებას მეღვინეებთან და მოსახლეობისთვის მისაღები ფასი გადაიხადონ.
ამ წუთებში მევენახეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდება.
შეხვედრას რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესწრება.
შეხვედრაზე იმყოფება მევენახეების ჯგუფი, რომელიც მინისტრთან გასასაუბრებლად სწორედ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეარჩიეს. მათ მოითხოვეს, რომ შეხვედრას დაესწრონ მეღვინეებიც, რომლებმაც ყურძენი უნდა ჩაიბარონ.
„წელს რაჭაში, 2008 წლის შემდეგ, პირველად ტარდება არასუბსიდირებული რთველი. ღვინის ეროვნული სააგენტო არ ერევა ფასების დადგენაში. ჩვენ რომ ყურძნის ფასი გავაჟღეროთ, მითითება გამოვა. ამ ეტაპზე კომპანიებსა და მევენახეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ყურძნის ფასიც მათ მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც კი მევენახეები და კომპანიები ფასზე შეთანხმდებიან, რთველი დაიწყება, ჩვენი ჩართულობა მხოლოდ საორგანიზაციო საქმიანობის მოგვარებაში მდგომარეობს. კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა გაზრდილია. შარშან საშუალო ფასი შვიდი ლარი იყო, წელს კი ფასი არ არის დაფიქსირებული, რადგან რთველი არ დაწყებულა. რთველის დასაწყისში ყოველთვის არის ხოლმე ასეთი ვნებათაღელვა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანიები და მევენახეები მალე მიაღწევენ შეთანხმებას. ასეთივე სიტუაცია იყო კახეთში, ბევრმა კომპანიამ გამოთქვა ყურძნის შეძენის სურვილი და კონკურენციის ფონზე გაიზარდა ღვინის ფასი. იმედი ვიქონიოთ, რომ რაჭაშიც მოახერხებენ შეთანხმებას ფასებზე და რთველი წარმატებით ჩაივლის”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

