ირაკლი ლექვინაძე – “მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ აშშ-მ ქართულ ფოლადზე 20%-იანი ტარიფი არ დააწესოს”

ირაკლი ლექვინაძე - "მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ აშშ-მ ქართულ ფოლადზე 20%-იანი ტარიფი არ დააწესოს"ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფზე, რომელიც უცხოურ ფოლადსა და ალუმინს შეეხება.
“მაისში ეკონომიკის სამინისტროს მხრდან ამერიკის სავაჭრო კომისიაში იქნა დასმული აღნიშნული საკითხი. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველო ჩაისვას იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც არ შეეხება დაწესებული 20%-იანი ტარიფი და გარკვეული კვოტირებების პირობებში შეძლოს ამერიკულ ბაზარზე შესვლა. ამის შემდეგ შესაბამის სტრუქტურაში პრემიერ მინისტრის მხრიდანაც პირადი ხელმოწერით გაიგზავნა წერილი მსგავსი ტიპის მოთხოვნით,“- აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, კვოტირების მოდელის ამუშავება ქართული მწარმოებლებისთვის პრობლემატური არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ფოლადის წარმოება მცირემასშტაბიანია. სამაგიეროდ, ირაკლი ლექვინაძე საუბრობს კომპანიის შიშზე, „რომ ქართულ ბაზარზე მოხვდება იმ ქვეყნების პროდუქცია, რომელთაც შეეზღუდათ ამერიკაში ექსპორტი“. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემები ამ პროგნოზის გამართლების საშუალებას არ იძლევა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ბიზნესომბუდსმენის სამსახური აგრძელებს კომუნიკაციას როგორც შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისევე -რუსთავის ფოლადის კომპანიასთან.
“მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც არ შეეხება 20%-იანი ტრაიფი აშშ-ს ფოლადის ბაზარზე მიმდინარეობს. პრემიერ მინისტის მხრიდანაც გაიგზავნა მოთხოვნა. „რუსთავის ფოლადში“ ხედავენ საფრთხეებს, რომ ის კომპანიები, რომელთაც აშშ-ს ბაზარი შეეზღუდათ, ქართულ ბაზარს დაიკავებენ“, – ამბობს ლექვინაძე.

ბიემჯი