რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჩანქსელიანი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენ

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჩანქსელიანი, რომელსაც ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირებას აბრალებენფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება.
გადამზიდავები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს.

კერძოდ, როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ბაზრის მოთამაშეთა აზრით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია “ბევრილი ჯგუფის” 70%-იანი წილის მფლობელია.

იმავდროულად, დეპუტატი ჩანქსელიანი დღემდე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კერძოდ კი გამგეობის თავმჯდომარეა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას დეპუტატის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
2017 წლის 27 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ფლობს 3.000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში და იმავე მისამართზე მდებარე 550 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს. ასევე მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე მას ჯამში, 149.907 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 50.000 ლარი ჰქონდა.

ჩანქსელიანი შპს,,ბევრილი ჯგუფის“ 70%-იანი წილის მფლობელია, რომლის საქმიანობითაც დეპუტატს დეკლარაციის შევსების წინა წელს შემოსავალი არ მიუღია. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საწარმოს
კაპიტალის ოდენობა 5.267.835 ლარს შეადგენს.

პარლამენტის წევრობისას დეპუტატის შემოსავალმა 2016 წლის 8 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 6.385 ლარი შეადგინა. ამასთან, დეპუტატს წლიურად შვილების სწავლის გადასახადის სახით, ჯამში 34.700 ლარის გასავალი ჰქონდა.

პარლამენტის წევრს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

მისი მეუღლე ფლობს 90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დაბა ბაკურიანში, რომელიც 2016 წელს 70.000 დოლარად შეიძინა, ასევე 36 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში; 370 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ გრიგოლეთში; იმავე მისამართზე მდებარე 570 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 220 კვ. მეტრისა და 70 კვ. მეტრი ფართობის 2 ბინას დედაქალაქში.