საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნასაპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი. შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია – მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს.

სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო -პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის (BS) და მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD) ფიზიკაში მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ), ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ).

2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, სურგულაძე დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ.
საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10.000 ლარიდან 15.000 ლარამდე იქნება.

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

ბიემჯი