“შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის შემოსავლებს სრულყოფილად ვერ აკონტროლებს”

"შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის შემოსავლებს სრულყოფილად ვერ აკონტროლებს"შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის შემოსავლებს სრულყოფილად ვერ აკონტროლებს, -ამის შესახებ საუბარია სამსახურის განაცხადში, რომლითაც უწყება საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს. საკონსულტაციციო კომპანიამ შემოსავლების სამსახურს, სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესში დახმარება უნდა გაუწიოს.

,,არსებული მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია სათანადო ბერკეტი დააწესოს და განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი გადასახადების გადახდის და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ვინაიდან არ აქვს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული და აუცილებელი ინფორმაცია.“-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის დასაბუთებაში.

კანონმდებლობით, სათამაშო აპარატების შემთხვევაში, დადებული ფსონის სულ ცოტა 80%, მოგებაზე უნდა იყოს გათვალისწინებული და მოგების/საშემოსავლო გადასახადი, თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამის 7% უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით კი შემოსავლების სამსახურს არ შეუძლია ამ პირობების სრულყოფილი კონტროლი.

,,საჭიროა შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილი იყოს ინფორმაცია თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული თანხების ე.წ „IN-OUT“-ის შესახებ, სათამაშო აპარატის მოგების გაცემის პროცენტის ოდენობის შესახებ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობის შემთხვევაში ტრანზაქციების ისტორიის შესახებ და ტოტალიზატორის შემთხვევაში, ყველა დადებული ბილეთის ისტორიის შესახებ.“-აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ კონტროლის სისტემის დანერგვა დროულად უნდა მოხდეს, რადგან მისი არარსებობა გავლენას ახდენს ბიუჯეტის შემოსავლებზე. საკონსულტაციო კომპანიას მომსახურებაში 495 ათას ლარს გადაუხდიან.

ბიემჯი