შემოდგომაზე რეგიონებში ამდენი ტურისტი ასე გვიანობამდე არასდროს ყოფილა

შემოდგომაზე რეგიონებში ამდენი ტურისტი ასე გვიანობამდე არასდროს ყოფილა2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობაც და გეოგრაფიული არეალიც გაიზარდა. გასულ წლებთან შედარებით, შეინიშნებოდა ტენდენცია, როდესაც მათი დიდი ნაწილი რთველის გამო ტურს არა მხოლოდ კახეთში, არამედ ქართლში, იმერეთსა და რაჭაშიც გეგმავდა. როგორც „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანას შემოდგომის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა ამ რესურსის სწორად გამოყენება.
„საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, არაბული სამყაროსთვის შემოდგომა ოდნავ პასიური სეზონია, ტურისტების დიდი ნაკადი ჩამოდის დასავლეთ ევროპიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.1%-ით გაიზარდა. სააგენტოს მონაცამებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით.

„ბუნებრივია, რომ შემოდგომაზე ტურისტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი კახეთია, რადგან რთველის პერიოდია. თუმცა ყველაზე კარგი ის არის, რომ რთველში წასასვლელად სხვა რეგიონების დაგეგმვაც დაიწყეს. მაგალითად, არანაკლები მოთხოვნაა ქართლზე. შემდეგია იმერეთი და რაჭა. ადრეც გეგმავდნენ სხვა რეგიონებში რთველს, თუმცა ამ სეზონზე კიდევ უფრო მოიმატა ასეთმა შემთხვევებმა.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა არ ითვლება ფეხით სიარულის სეზონად, ძალიან ბევრი ტურისტი იყო სვანეთში, შატილში, თუშეთში. შემოდგომაზე რეგიონებში ამდენი ტურისტი ასე გვიანობამდე არასდროს ყოფილა. თუმცა ხელი კლიმატმაც შეგვიწყო, საკმაოდ თბილი და უნალექო შემოდგომა გვაქვს. ახლახანს მეც ვახლდი სტუმრებს სვანეთსა და ყაზბეგში და აბსოლუტურად ყველგან გვხვდებოდა სხვადასხვა სახის ტურები“,-აცხადებს ია თაბაგარი.
ია თაბაგარი ამბობს, რომ გარდა კლიმატისა, ამ სეზონზე ტურისტების ნაკადის გაზრდას ხელი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებამ და გარკვეულწილად, ინფრასტრუქტურის განვითარებამაც შეუწყო.
„გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა იხვეწება, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობა, რადგან ტურისტების მხრიდან ეგრევე ჩნდება მოთხოვნა. ამასთან, გაჩნდა ძალიან ბევრი სასტუმრო, კვების ობიექტი და ა.შ. ტურიზმის კუთხით, მე ვფიქრობ, რაჭა და ლეჩხუმი დაჩაგრულია. დარწმუნებული ვარ, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავნეთი ძალიან დიდი პოტენცილის მატარებელია“,-აცხადებს ია თაბაგარი.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყნისთვის ის ტურისტების რაოდენობა , რომელიც ფიქსირდება სრულიად საკმარისია და ახლა უკვე საჭიროა ხარისხის გაუმჯობესება და რეგიონების განვითარება.
„მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი კიდევ და კიდევ მეტი ტურისტი მოდიოდეს, საკმარისია ეს რაოდენობა და უკვე შეიძლება გაჩერება. კონკრეტული მიმართულებები უნდა განვითარდეს და რაც მთავარია, ხარიხი გაუმჯობესდეს. ხარისხი არის ჩვენი ქვეყნის კულტურა და როგორც კი ეს განვითარდება, ჩვენ გამოვჩნდებით როგორც კულტურული ერი“,-აცხადებს ია თაბაგარი.

ბიპიენი