ლუკა ყვავილაშვილმა ონლაინპლატფორმა DesKomy შექმნა, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პერსონალურ ფაილებზე წვდომის საშუალებას აძლევს. როგორც ლუკა ყვავილაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, პლატფორმა DesKomy.com უკვე ამუშავებულია და მას 2 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელს 10 გიგაბაიტამდე მეხსიერების უფასოდ ათვისება შეუძლია, უფრო მეტი მოცულობის გამოყენების შემთხვევაში კი მას შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევს. თუ რა ეღირება აღნიშნული სერვისით სარგებლობა და როგორ შეძლებს მომხმარებელი მის შეძენას, ამაზე კომპანიაში ამჟამად მუშაობენ.
ლუკა ყვავილაშვილმა აღნიშნული პლატფორმის შექმნის მიზნით 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, ამჟამად ის 18 წლისაა და პარტნიორებთან ერთად ონლაინპლატფორმაზე მუშაობა წარმატებით დაასრულა.
კომპანია DesKomy საპარტნიორო ფონდის პროექტის ,,სტარტაპ საქართველო“ გამარჯვებულია. როგორც Bm.ge-ს კომპანია ,,სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან, რათა აღნიშნული პლატფორმის ამერიკულ სერვერებთან დაკავშირება მოხდეს.
“კომპანია DesKomy მიმდინარე წელს გამოვლინდა და უკვე აქტიურად ვმუშაობთ მათთან, გაფორმებულია პარტნიორთა შეთანხმება, პირველი ტრანში გადარიცხულია, მიდის დეველოპერული სამუშაოები, ბეტა ვერსია თითქმის დასრულებულია. 100 ათასი ლარია პროექტის ფარგლებში ,,საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამოსაყოფი თანხა, საიდანაც პირველი ტრანში – 20 ათასი უკვე გადარიცხულია.
“DesKomy” არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ცალსახად მაღალტექნოლოგიურია. ეს არის “ქლაუდ სისტემა”, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიმუშაოთ ჩვენს პერსონალურ ფაილებზე. ანუ, ეს ნიშნავს შესაძლებლობას- ნებისმიერი კომპიუტერი გადავაქციოთ ინტერფეისით ჩვენს პერსონალურ კომპიუტერად. ეს ონლაინპლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობს, საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ, ხარვეზები არ გვაქვს, უკვე მიდის მოლაპარაკებები აშშ-ში, რომ გაცილებით მაღალ მასშტაბებზე გავიდეთ და სოლიდური ინვესტიციების მოძიება მოხდეს, რაც უფრო მაღალ ეტაპზე გადაგვიყვანს“ – განაცხადა გიორგი ლომიძემ Bm.ge-სთან საუბრისას.

