გია პირადაშვილის ღვინოები ნორვეგიასა და ლატვიაში გაიყიდება

გია პირადაშვილის ღვინოები ნორვეგიასა და ლატვიაში გაიყიდებაბიზნესმენ გია პირადაშვილის ღვინოები ახალ საექსპორტო ბაზარებზე – ნორვეგიაში, ლატვიაში და ყაზახეთში გავიდა.
ამის შესახებ Bm.ge-ის თავად ბიზნესმენმა განუცხადა.
მისი ღვინოები ბაზარზე ,,ვინივერიის“ და ,,შატო მერეს“ ბრენდითაა ცნობილი.
„ზოგადად, ქართული ღვინის ბაზარი იზრდება, ქართული ღვინის ნიშა არსებობს, ეს დაამტკიცა დრომ და იმ ტენდენციებმა, რაც უკვე გამოიკვეთა. თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი ქართული ღვინო. ჩვენ არ ვართ მასიური მწარმოებელი, რადგან მაღალი კლასის ღვინოს ვამზადებთ და ძირითადად, გათვლას დასავლეთ ევროპასა და ჰორეკას ქსელზე ვაკეთებთ. იმ მუშაობამ, რაც ამ ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით, ბოლო 5 წლის მანძილზე გავწიეთ, შედეგი გამოიღო და ჩვენი ექსპორტის გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, ვუკავშირდებით ყველა ღვინის ექსპერტს და ბაიერს ჩვენთვის საინტერესო ბაზრებზე, ჩამოგვყავს ისინი საქართველოში, ვასინჯებთ ღვინოს, ვუხსნით ჩვენი კომპანიის ფილოსოფიას, რა ტიპის ღვინოებს ვაყენებთ, როგორ ვამზადებთ, რატომაა ჩვენი წარმოება მოცულობაში შეზღუდული და ა.შ.
ასევე, აქტიურად მუშაობს ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის ასოციაცია და სხვა შესაბამისი უწყებები; ყველა ამ ორგანიზაციის მუშაობამ შედეგი გამოიღო და სახელმწიფომ, ღვინის კომპანიებთან ერთად, პიარკამპანიით მიაღწია იმას, რომ ქართული ღვინის ცნობადობა, როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში გაიზარდა“, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
“ვინივერია“ და “შატო მერე“ უკვე წლებია ექსპორტზე გადის ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და ბელგია.
ღვინოები მაღალ და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საექსპორტო ბაზრებზე ბოთლის ფასი 15-დან 35 ევრომდეა.
,,დაახლოებით, 7-8 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ; ,,შატო მერე“ უფრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი და წელიწადში 30-40 ათასი ბოთლის წარმოებას ვგეგმავთ, ხოლო ,,ვინივერიას“ ბრენდით 200 ათასი ბოთლი ღვინო დამზადდება“, – განაცხადა გია პირადაშვილმა.