“ილი ჯგუფმა” ზურაბიშვილს 180.000 იმ დღეს შესწირა, როდესაც 2.8 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა

"ილი ჯგუფმა" ზურაბიშვილს 180.000 იმ დღეს შესწირა, როდესაც 2.8 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვასაქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შტაბი შემოწირულობებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომაც იღებს.

2018 წლის 14 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯამში 180,000 ლარი მიიღო კომპანია “ილი ჯგუფის” მეწილეებისგან – იაშა ჩაჩუასგან, დავით გაგუასა და ლაშა ურღელიძისგან.

ამავე დღეს “ილი ჯგუფმა” სამგორის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 2,888,756 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას რაიონში მდებარე უფასო სასადილოების სერვისის მიწოდება დაევალა.

“ილი ჯგუფმა” ანალოგიური ტენდერები სხვა რაიონებშიც მოიგო. მაგალითად, 12 დეკემბერს ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოების საკვებით უზრუნველყოფისთვის კომპანიამ 3,293,505-ლარიანი ტენდერი მოიგო. არცერთ აღნიშნულ ტენდერში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია.

ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, “ილი ჯგუფს” საერთო ჯამში 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

on.ge-სთან “ილი ჯგუფის” 34%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იაშა ჩაჩუა ამბობს, რომ მას შეუძლია შვილები დაიფიცოს, რომ ტენდერებს სამართლიანად იგებს.

“ზოგს ვიგებ და ზოგს ვაგებ, რატომ აბამთ კუდებს?.. ისეთ რაღაცას მეუბნებით, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე როგორ ვმუშაობ მთელი ამ ათი წლის მანძილზე და რა პროცედურები მაქვს გავლილი რომ იცოდეთ, თქვენ მასე არ დამელაპარაკებოდით. ბევრი მაქვს წაგებული და ბევრი მოგებული; ყველაფერს რომ ვიგებდე, ღმერთი ვიქნებოდი. სხვა რამე [კავშირი] რომ არსებობდეს, სამი შვილი მყავს იმას დავიფიცებ,”- ამბობს ჩაჩუა.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შემოწირულობების სახით დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღო.

ბიემჯი